logo
ENG



მელია: გინდა სიღარიბე იზრდებოდეს, შემოხაზე 41, თუ უკეთესი ცხოვრება გსურს შემოხაზე ოპოზიცია

15 აგვ 202121:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/15/jbdljx26pchitwp.png

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი მოქალაქეებს მოუწოდებს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მივიდნენ და ხმა ოპოზიციას მისცენ. 

როგორც მელიამ კანდიდატების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დადგა დრო, ქართული ოცნება ქვეყნის მმართველობას ჩამოშორდეს, რათა მოქალაქეებმა უკეთესად ცხოვრება შეძლონ და ქვეყანამ რუსეთისკენ სვლა შეწყვიტოს. 

"არჩევანი ნამდვილად თქვენზეა. გინდათ, რომ სიღარიბე და გაჭირვება კვლავ იზრდებოდეს და სამუშაო ადგილები იკარგებოდეს, მაშინ შემოხაზეთ 41, ხოლო თუ გინდათ სიღარიბის დამარცხება და უკეთესი ცხოვრება, შემოხაზეთ ოპოზიცია. გინდა ხელისუფლება, რომელიც მარტო დაგტოვებს კოვიდ პანდემიის პირისპირ და გულგრილად შეხედავს ყველა შენს პრობლემას, მაშინ შემოხაზე 41, ხოლო თუ გინდა მზრუნველი, კომპეტენტური ხელისუფლება, მაშინ უნდა შემოვხაზოთ ოპოზიცია. გინდათ დღისით მზისით, დედებო, შვილებო - ევროკავშირის დროშებს წვავდნენ, ადამიანებს კლავდნენ და ასახიჩრებდნენ, მაშინ შემოხაზეთ 41, ხოლო თუ გინდათ პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც ადამიანის ღირსებას და სიცოცხლეს პატივს სცემს, შემოხაზეთ ოპოზიცია.

გინდათ, მილიონებს ინაწილებდეს მმართველი კლანი, ხალხისთვის ყველაფერი ყოველდღე ძვირდებოდეს და შემოსავალი მცირდებოდეს, ეს ყველაფერი თუ გვინდა მაშინ შემოვხაზოთ 41, მაგრამ თუ გვინდა არაკორუმპირებული და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფება, მაშინ შემოვხაზოთ ოპოზიცია.

გვინდა, რომ ახალგაზრდებს პერსპექტივების უქონლობის და ჩვენს მშობლებს სასოწარკვეთის გამო ქვეყნიდან გაქცევა უწევდეს, ეს თუ გვინდა არ დავფიქრდეთ, არ ვიყოყმანოთ, შემოვხაზოთ 41, მაგრამ თუ გვინდა, რომ ჩვენ შვილებს ამ ქვეყანაში შეეძლოთ ღირსეული განათლების მიღება და დასაქმება, ხოლო ჩვენს მშობლებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ, შემოვხაზოთ ოპოზიცია. დადგა, დრო რომ აღარ შევეგუოთ უიმედობას. დადგა დრო, რომ ისინი ჩამოშორდნენ ქვეყნის მართვას და დადგა დრო, რომ შეწყვიტონ ქვეყნის ძარცვა. დადგა დრო, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს რუსეთისკენ სვლა. 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ისტორიული მნიშვნელობისაა. არც ერთი ხმა ქართულ ოცნებას, ყველანი 2 ოქტომრის რეფერენდუმზე", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ რეგიონებში პარტიის მერობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

 


close დახურვა